თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
სამშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ არგუმენტები არასაკმარისი იყო შეთანხმების გაუქმებისთვის.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის აზრით, ზურაბიშვილმა ადეკვატურად შეაფასა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების გაუქმების თაობაზე.
„მივესალმები პრეზიდენტის განცხადებას. მან ადეკვატურად შეაფასა „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯი. აღნიშნა, რომ იყო ევროპულ ოჯახში – ნიშნავს ერთგული დარჩე შენი სიტყვის. რაც მთავარია, მან ხაზი გაუსვა, რომ მარტო დარჩენა და იზოლაცია ნიშნავს, რომ ქვეყანა შესუსტდება და ამით ისარგებლებს ის, ვინც ჩასაფრებულია, რომ დაიმორჩილოს ეს ქვეყანა“, – განაცხადა სამნიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა საკუთარი განცხადებით მმართველი პარტიისგან დისტანცირება მოახდინა.
„საქართველოს პრეზიდენტმა დისტანცირება მოახდინა „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებისგან, რომელიც იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი მმართველი გუნდის და, სამწუხაროდ, ძალიან სახიფათოა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოიჩინოს ნება და გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას.
პრეზიდენტის განცხადებას უპასუხეს „ქართულ ოცნებაშიც“. დეპუტატ გივი მიქანაძის თქმით, ზურაბიშვილის პოზიცია ნათელია, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმება ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულობის გამო სრულად ვერ შესრულდება.
„ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი აბსოლუტურად სამართლიანია და გამყარებულია შესაბამისი არგუმენტებით. არგუმენტაციის მთავარი ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ დოკუმენტი არ შეიძლება არსებობდეს ისე, რომ მას ხელი მონაწილეების მხოლოდ ნაწილმა მოაწეროს, მთავარმა აქტორმა კი მონაწილეობა არ მიიღოს პროცესში, არ შეუერთდეს შეთანხმებას. და ამავე დროს მან, ვინც შეთანხმებას შეუერთდა, პირობების მხოლოდ ნაწილი შეასრულოს, ხოლო ყველაფერი მხოლოდ მმართველმა პარტიამ შეასრულოს“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით 19 აპრილს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი შეთანხმება. მმართველმა პარტიამ მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით ოპოზიციის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა და ქვეყანაში მზარდი პოლარიზაცია დაასახელა.