საქართველოს 2022 წელს ევროპული სტანდარტების საპატიმრო ექნება

ციხის მშენებლობის დროს გათვალისწინებულია როგორც ევროპული სტანდარტები, ისე საპატიმროებისადმი წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ ევროპული კომიტეტის მოთხოვნები
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ოზურგეთის რაიონში 2022 წლისთვის დასრულდება ციხის მშენებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
„პირველად საქართველოში ევროპული სტრანდარტების, 700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი საპატიმრო დაბა ლაითურში უკვე მომდევნო წლის დასაწყისში გაიხსნება“, – განაცხადა ბრეგაძემ და დასძინა, რომ ეს დაწესებულება სრულად შეესატყვისება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს.
საქართველოს ციხეებში იმყოფება მოსახლეობის 0,25%: ბოლო მონაცემები პატიმრების შესახებ
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საპატიმროს მშენებლობის მიმდინარეობისას გათვალისწინებულია როგორც ევროპული სტანდარტები, ისე ციხეებისადმი წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ ევროპული კომიტეტის მოთხოვნები.
1 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 9,1 ათასი პატიმარია, რაც მოსახლეობის 0,25 პროცენტს შეადგენს. პატიმრები სასჯელს ქვეყნის 13 საპატიმროში იხდიან.
ამჟამად საქართველოში საპატიმროები პატიმართა რისკის ხარისხისა და პატიმრობის სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა – ღია, ნახევრად ღია და დახურული დაწესებულებები. ამ უკანასკნელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.