რას ფიქრობს ხალხი? ანუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე

„ოცნება“ ისევ მოდაშია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არჩევნებზე წასვლას აპირებს. საზოგადოების ნახევარზე მეტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა. სხვა კიდევ რა იკითხება IRI-ს კვლევის ციფრებს მიღმა...
Sputnik
სამსონ ხონელი
მარიამობის თვის პირველ სამუშაო დღეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოქვენდა.
− ახალი და მოულოდნელი რა არის? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. პასუხად მოკლე რეპლიკით შემოვიფარგლები – კარგად დავიწყებული ძველი. თავად განსაჯეთ, მოსახლეობის 64 პროცენტი ქვეყნის მთავარ პრობლემად ეკონომიკურ მდგომარეობასა და უმუშევრობას ასახელებს. სიახლეა? რა თქმა უნდა, არა. გამოკითხულთა 45 პროცენტისთვის მთავარი გამოწვევა მაღალი ფასებია, რესპონდენტთა 22 პროცენტი კი სიღარიბეს უჩივის.
ერთი სიტყვთ, ეს ტენდენცია არახალია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვითარება გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული კიდევ უფრო დამძიმდა, რაც ძირითადად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკური რეცესიის შედეგია. რაკი COVID-19 ვახსენეთ, ურიგო არ იქნება, გადავხედოთ კვლევის იმ ნაწილს, რომელიც COVID-19-ის პანდემიაზე მთავრობის რეაგირებით საზოგადოების კმაყოფილების ხარისხს ასახავს. გამოკითხულთა 13 პროცენტი ძალიან კმაყოფილია, 47 პროცენტი კი ნაწილობრივ კმაყოფილი. რესპონდენტთა 16 პროცენტი მთავრობის რეაგირებით ძალიან უკმაყოფილოა, ხოლო 21 პროცენტი ნაწილობრივ უკმაყოფილო.
COVID-19-ის მძევალი ეკონომიკა და უპასუხისმგებლო მომხმარებელი
არ დავიზარე და ამავე ორგანიზაციის მიერ გასული წლის ივლისში გასაჯაროებული კვლევის შედეგები მოვიძიე. გაირკვა, რომ 12 თვის წინ მოსახლეობა მთავრობის რეაგირებით გაცილებით კმაყოფილი იყო. კერძოდ, მაშინ გამოკითხულთა 41 პროცენტი ძალიან კმაყოფილი იყო, ხოლო 38 პროცენტი – ნაწილობრივ კმაყოფილი, კიდევ 13 პროცენტი – ნაწილობრივ უკმაყოფილო და 7 პროცენტი – ძალიან უკმაყოფილო.
საინტერესოა, რატომ შემცირდა პანდემიაზე მთავრობის რეაგირებით კმაყოფილების ხარისხი? სავარაუდოდ, გადამწყვეტი ფაქტორი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების სიმწვავე, ანუ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა იყო. შეგახსენებთ, გასული წლის გაზაფხულ-ზაფხულში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ანალიტიკური წრეები აღნიშნავდნენ, რომ მთავრობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ პროცესს საკმაოდ ეფექტურად და წარმატებულად მართავდა.
− თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე საინტერესოა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილი – მიმანიშნებს მკითხველი და მართალიც იქნება. მივყვეთ თანმიმდევრულად. როგორია მოსალოდნელი აქტივობა, აპირებს თუ არა ამომრჩეველი საარჩევნო უბანში მისვლას?
ეკონომიკა ციფრებში... შუალედური ფინიში და „ლოკდაუნის“ საფრთხე
კვლევის შედეგებით, მოსახლეობის 89 პროცენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. რესპონდენტთა ძალიან მცრე ნაწილი, 3 პროცენტი დიდი ალბათობით არჩევნებზე არ მივა, ხოლო 6 პროცენტი კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. გამოკითხულთა კიდევ 2 პროცენტი ჯერ კიდევ ფიქრობს, ჩამოყალიბების პროცესშია. თუ კვლევის შედეგებს დავუჯერებთ, მომავალ არჩევნებში მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი.
ამასობაში, მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, ისიც იციან ვინ არის მათი რჩეული. ყველამ თუ არა, დიდმა ნაწილმა მაინც. კერძოდ, თვითმმართველობის არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, ყველაზე მეტი მხარდამჭერი სამ პოლიტიკურ გუნდს: „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „საქართველოსთვის“ ეყოლებოდა.
პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგის სათავეში 26 პროცენტით „ქართული ოცნებაა“, ანუ „ოცნება“ ისევ მოდაშია. მომდევნო, ანუ მეორე პოზიცია, რა ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ ბედისწერად იქცა. ნახელისუფლართა ელექტორალური რესურსი ამჯერად 14 პროცენტია. 9 პროცენტით სამეულშია გიორგი გახარიას პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოსთვის". მეოთხე პოზიცია 3 პროცენტით „ლეიბორისტულ პარტიას“ უკავია. შემდეგ? ნუ მკითხავთ, ორპროცენტიანების არმია მოდის, მათ შორის არიან: „გირჩი − მეტი თავისუფლება“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „მოქალაქეები“.
რას და რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი?
არავინ იფიქროს, რომ რეიტინგული პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი ჩვენში ამით სრულდება. ერთპროცენტიანებიც მრავლად არიან, კერძოდ, გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“, ელენე ხოშტარიას „დროა“, „გირჩი“, ლევან ვასაძის „ერი“ და სხვები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის 27 პროცენტმა არ იცის რომელი პარტია იქნება მისი რჩეული.
თუ კვლევის შედეგებს უტყუარ მოცემულობად მივიღებთ, მაშინ, შესაძლოა, საფუძველს მოკლებული არც იყოს ოპოზიციის შეფასება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივად ანულირების მთავარი მიზეზი ამავე შეთანხმებით მმართველი პარტიისთვის დადგენილი ე.წ. 43-პროცენტიანი ბარიერის ვერგადალახვის პერსპექტივაა. დამეთანხმებით, 26 პროცენტსა და 43 პროცენტს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგები ბევრად აცდენილია იმ რეალობას, რომელზეც მმართველი გუნდის შიდაპარტიული კვლევები მიანიშნებს.
რა ბედი ელის ზაფხულის ტურისტულ სეზონს? ანუ ანტრე, ბატონო!
კვლევის მომდევნო ეპიზოდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს უკავშირდება. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრეა. კერძოდ, კითხვაზე, „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“, რესპონდენტთა 29 პროცენტი პასუხობს, რომ ცალსახად მხარს უჭერს, 22 პროცენტი კი მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს. 27 პროცენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას სრულად ეწინააღმდეგება, ხოლო ნაწილობრივ – 12 პროცენტი, მოსახლეობის 10 პროცენტს პასუხი არ აქვს. „ქართული ოცნების“ მომხრეების 67 პროცენტი სრულად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების 82 პროცენტი ცალსახად ან მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, კვლევა გამოქვეყნებისთანავე ვეღარ ასახავს არსებულ რეალობას, რადგან საველე სამუშაოები ჩატარებულია 5 ივლისამდე და ასევე „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლამდე. სავარაუდოდ, ამ ერთ თვეში ბევრი რამ შეიცვლებოდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტენდენცია მაინც მკაფიოდ ჩანს. „ქართული ოცნების“ რეიტინგები ბოლო წლებში არასაარჩევნო პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვებში იშვიათად თუ ყოფილა ახლანდელ მაჩვენებლებზე ბევრად მაღალი, თუმცა ფაქტია, გიორგი გახარიას ფაქტორმა აშკარად დააზარალა  მმართველი პარტია.
საბანკო სექტორის წინასაზაფხულო მონაგარი...
ანალიტიკოსთა შეფასებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ „შარლ მიშელის სახელობის პოლიტიკურ პროცესში“ ურთიერთდაპირისპირების, წინააღმდეგობრივი ნაბიჯების და მოსახლეობისთვის გამარჯვებად გამოცხადებული, გაურკვეველი პოლიტიკური შედეგების მქონე შეთანხმების გამო უფრო მეტად ოპოზიცია დაზიანდა, ვიდრე ხელისუფლება. მთელ ამ პროცესში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეისრუტა სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგები. ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის ბევრი სუსტი პარტია კი ვერანაირად ვერ ახერხებს ვერც ელექტორალური ბაზის გაფართოებას და ვერც საზოგადოების თვალში „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტიდან მოწყვეტას.
პარადოქსია, რომ ე.წ. პროდასავლური ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა საუბრობს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე და საკუთარი რიტორიკითა თუ პოლიტიკური დღის წესრიგით მუშაობს არა მმართველი პარტის ელექტორალური რესურსის შემცირებაზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის „დათრევაზე“ და, შესაბამისად, მისი გავლენის შემცირებაზე. ეს ვითარება კი „ქართული ოცნებისთვის“ ძალზე კომფორტულია. „ნაციონალური მოძრაობის“ ანტირეიტინგი კვლავ ძალიან მაღალია, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას უფრო რიტინგის შენარჩუნებაზე მოუწევს ბრძოლა, მით უმეტეს, რომ მისი მომხრეების ნაწილში პარტიის პოლიტიკის არაეფექტურობის და უშედეგობის გამო სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელი ლიდერების მიმართ.
მოლოდინების ფასი... ანუ  რამ დაამუხრუჭა ლარი?
დანარჩენი პარტიების უმრავლესობა ჯერჯერობით ვერ ახერხებს საკუთარი ადგილის თუ ამომრჩევლის პოვნას და ხშირად ბაძავს „ნაციონალურ მოძრაობას“ რიტორიკასა და პოლიტიკურ სვლებში, რაც ამცირებს მათ შანსებს – ამომრჩეველმა აღიქვას დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ. და, ბოლოს, როგორც ანალიტიკოსები მიანიშნებენ, ახალი იდეების, ეფექტური პარტიული პოლიტიკის თუ მენჯმენტის, აგრეთვე ავტორიტეტული პოლიტიკური ლიდერების კუთხით ქვეყანაში პოლიტიკური ყამირია...