თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი დაარსდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსიტეტის შექმნის თაობაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს 10–წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ინოვაციური იდეა უნივერსიტეტებისთვის ელექტრონული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს ციფრულ მომსახურებას შესთავაზებს.
,,ციფრული უნივერსიტეტი გაზრდის პატიმრებში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას და დაინტერესებას, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას“, - განაცხადა მინისტრმა.
უწყების ცნობით, ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულ სტუდენტებს ინდივიდუალურად მეცადინეობის შესაძლებლობას მისცემს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ონლაინ ლექციებს და ჰქონდეთ ინტერაქტიული კომუნიკაცია ლექტორებთან.
2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 21 მსჯავრდებული იღებდა მონაწილეობას.