ვანდალური ფაქტი თბილისში: მაჰათმა განდის ძეგლიდან სათვალე მოიპარეს

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში თბილისში ვანდალიზმის ფაქტები მომრავლდა. მან მოქალაქეებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.
Sputnik
 
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. უცნობმა პირებმა ინდოეთის პოლიტიკური და საზოგადო მიღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნა, დააზიანეს, აღნიშნული ფაქტის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 
Памятник Махатмы Ганди
მაჰათმა განდის ძეგლი
„პრობლემა უნდა გაგიზიაროთ, რომელიც პირდაპირ კავშირშია დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებთან და საკმაოდ აზარალებს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას. მხედველობაში მაქვს ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები. რასაც ვაკეთებთ, ეს იქნება ახალი სკვერები, პარკები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, კეთდება ისევ და ისევ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის და ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ ასეთ ფაქტებს საკმაოდ მრავლად ვხვდებით“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით,  მაჰათმა განდის ძეგლი ვარკეთილში მდებარე სკვერში 10 ივლისს გაიხსნა, თუმცა, დღეს იგი უკვე დაზიანებულია. კერძოდ,  განდის ძეგლს მოხსნილი აქვს სათვალე.
„რთულია, ამ ყველაფერს შეფასება მისცე და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსები, რაც ძალიან მძიმეა“, - აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა თხოვნით მიმართა საზოგადოებას, მაქსიმალურად მოუარონ და გაუფრთხილდნენ იმ კონკრეტულ პროექტებს, რომელიც ქალაქის კეთილმოწყობისთვის ხორციელდება.