მეორე ოქრო ტოკიოდან – ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია: ვიდეო

ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობის პარალელურად ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს მედალი უკვე მეორედ მოიპოვა.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. 
​ქართველმა სპორტსმენმა ატაცში პირველ ცდაზე ჯერ 208 კილოგრამი შეუკვეთა, რაც თავისუფლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 215 კილოგრამის აწევა შეძლო, ხოლო მესამე, ბოლო გამოსვლაზე მან 223 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია.
ტალახაძე შესანიშნავად გამოვიდა აკვრაშიც, მან პირველად 245 კილოგრამი დაძლია, მეორე ცდაზე 255 შეუკვეთა და ესეც – წარმატებით, ხოლო ბოლო, მესამე გამოსვლაზე 265 კილოგრამი ასწია, რითიც ორჭიდის ჯამით (488 კგ) ასევე თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
საბოლოოდ 27 წლის ქართველი ძალოსანი რიოს 2016 წლის და ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია და პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ ოქროს ორჯერ დაეუფლა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდეც ყველა მსოფლიო რეკორდი ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.