თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ბირთვის კვრაში ბენიკ აბრამიანი ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის ოლიმპიური თამაშებიდან მოიხსნა. ინფორმაციას დოპინგ ტესტირების საერთაშორისო სააგენტო (ITA) ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აბრამიანმა სინჯი ტოკიოში 31 ივლისს ჩააბარა და მას ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოაჩნდა (დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი, ტამოკსიფენი).
36 წლის სპორტსმენი სარბიელზე დღეს, 15:40 საათზე უნდა გასულიყო, თუმცა საეჭვო დოპინგ-სინჯის გამო ის ოლიმპიადას დროებით ჩამოაშორეს.
ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს, დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს.