საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატის გადაცემას ითხოვს

კათოლიკოს-პატრიარქი იმედოვნებს, რომ ანჩისხატის დაცვას ეკლესია სახელმწიფოსთან ერთობლივად უზრუნველყოფს, რაც ორი უწყების თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს და ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს.
„ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.
როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ხატისთვის ანჩისხატის ეკლესიაში უკვე დამზადებულია სპეციალური ვიტრინა.
„ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც“, – ნათქვამია წერილში.
როგორც პატრიარქი აცხადებს, წელს ეკლესია ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავს აღნიშნავს და ხელისუფლების მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი.
ხელოვნების მუზეუმის შენობა ვერ აღდგება – კულტურის სამინისტრო
წლების განმავლობაში ანჩისხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება. ის მუზეუმის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია და სპეციალურად აღჭურვილ ოთახშია მოთავსებული.
თუმცა, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან უნდა დაიწყოს და შენობა ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში სრულად უნდა დაიცალოს. გუდიაშვილისა და პუშკინის ქუჩებზე მდებარე ძველი შენობა მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრების, დეფორმაციების, ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისა და რღვევების გამო სავალალო მდგომარეობაშია.
კულტურის სამინისტროს გეგმის მიხედვით, მუზეუმის ფონდების უსაფრთხო განთავსებისთვის ახალ შენობაში ჩატარდება რემონტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კოლექციების გადატანა. 2021 წლის სექტემბერში მუზეუმიდან პირველ რიგში გაიტანენ ქსოვილებისა და ნაქარგების კოლექციას, ხოლო ყველაზე ბოლოს – მუზეუმის ოქროს ფონდს.