მასმედია: პოლიციამ შანაი ბრუკის მკვლელის იდენტიფიცირება მოახერხა

ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ 31 წლის ავსტრალიელი შანაი ბრუკის სავარაუდო მკვლელის იდენტიფიცირება მოახდინა, სამძებრო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 
ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეზე გომელაურმა კომენტარი გააკეთა
თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა 31 ივლისს იპოვეს. იგი ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული. როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.
წინასწარი ინფორმაციით, ექსპერტიზის ბიუროში ცხედრიდან მოხერხდა დნმ-ის ნიმუშების აღება და არის ვარაუდი, რომ ერთ-ერთი შეიძლება მკვლელს ეკუთვნოდეს.
გუშინ, გვიან ღამით დასრულდა ბრუკის მეზობლებისა და მეგობრების დაკითხვა. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. სამძებრო ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება, თუმცა ჯერჯერობით შსს-ს ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებია.
ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც ბათუმში პედაგოგად მუშაობდა და თბილისში დასასვენებლად იმყოფებოდა, სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.