თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ოპოზიცია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს დღეებში დაასახელებს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
„თბილისში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დავიწყეთ, უახლოეს დღეებში მას რეგიონებშიც დავიწყებთ და დავასახელებთ მაჟორიტარობის კანდიდატებს. ისინი იქნებიან როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიის კანდიდატები“, – განაცხადა უდუმაშვილმა“.
მისი თქმით, რიგ რეგიონებში კანდიდატები იქნებიან საერთო და შეთანხმებული ოპოზიციასთან.
არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანია 2 აგვისტოს დაიწყო.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე დაასახელა.
ამ ეტაპზე წინასაარჩევნო რბოლაში ყველა პარტია არაა ჩართული. თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია ჯერ მხოლოდ 21-მა პარტიამ გაიარა.