თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების ინდექსი 10,1%-ით გაიზარდა, ამასთან, წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები 0,4%-ით შემცირდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
„საქსტატის“ მონაცემებით, ახალი ბინების ფასები თბილისში მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, 1,3%-ით შემცირდა, ხოლო გასულ წელთან შედარებით 7,5%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალ აშენებულ კორპუსებში თბილისში
ფასების საშუალო კვარტალურმა ზრდამ ახალ კერძო სახლებზე დედაქალაქში 2,2% შეადგინა, ხოლო ერთ წელიწადში მათი ფასები 17,9%-ით გაიზარდა.
ახალი კერძო სახლების ფასები თბილისში
„საქსტატის“ კვლევის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.311 ლარს, თეთრი კარკასი – 2.773 ლარს, მწვანე კარკასი – 3.139 ლარს. 2020 წლის მეორე კვარტალში ეს ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 1.909 ლარი, თეთრი – 2.291, მწვანე – 2.936 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.