თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია ქართველი მძლეოსანის ბენიკ აბრამიანის ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნის ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ბირთვის კვრაში ბენიკ აბრამიანი დღეს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის ოლიმპიური თამაშებიდან მოიხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ორგანიზმში აკრძალული სტეროიდები აღმოაჩნდა.
როგორც ფედერაციაში აცხადებენ, ბენიკ აბრამიანს დოპინგზე ბოლო საკონტროლო შემოწმება მიმდინარე წლის 1 ივლისს ჩაუტარდა, რა დროსაც მას აკრძალულ პრეპარატებზე უარყოფითი პასუხი გამოუვლინდა. აღნიშნულ ფაქტს ფედერაცია უკვე სწავლობს და ტოკიოდან დაბრუნებისთანავე საკითხს უშუალოდ სპორტსმენთან, მწვრთნელთან და გუნდის სხვა წევრებთან განიხილავენ. ამასთან, ფედერაციის სხდომაზე მომხდარზე მიღებული იქნება უმკაცრესი გადაწყვეტილებები.
„მიუხედავად არაერთგზის ჩატარებული დოპინგ-სემინარისა და სხვა გაფრთხილებისა, მსგავსი ფაქტი ჩვენს სპორტულ ოჯახში მაინც დაფიქსირდა. ვგმობთ მსგავს ქმედებებს სპორტულ სამყაროში. იმედია ეს იქნება ბოლო, უმძიმესი ფაქტი ქართული მძლეოსნობის ისტორიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აბრამიანმა სინჯი ტოკიოში 31 ივლისს ჩააბარა და მას ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოაჩნდა (დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი, მეტანდიენონი, ტამოკსიფენი).
36 წლის სპორტსმენი სარბიელზე დღეს, 15:40 საათზე უნდა გასულიყო, თუმცა საეჭვო დოპინგ-სინჯის გამო ის ოლიმპიადას დროებით ჩამოაშორეს.
ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს, დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს.