თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ხანძრის შედეგად სოფლის გამგეობის შენობა დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ცნობით, ხანძარი სოფელში გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. სოფლის გამგეობასთან ერთად შენობაში განთავსებული იყო სამედიცინო ამბულატორია და ერთჯგუფიანი საბავშვო ბაღი.
ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველების ჯგუფებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს, თუმცა შენობის შიდა ნაწილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ზარალის ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ასევე უცნობია ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი. სავარაუდო ინფორმაციით, ხანძარი დაძველებული ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა.
შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.