საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

ჯერჯერობით უცნობია შეხვედრების ზუსტი დრო, რომლის მთავარი თემა, სავარაუდოდ, შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლა იქნება.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღის განმავლობაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კრიტიკის ქარცეცხლში: დასავლეთის რეაქცია „ქართული ოცნების“ დემარშზე>>
სავარაუდოდ, შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გასვლა იქნება.
ამ დროისათვის „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია მისული და ის უკვე ხვდება სალომე ზურაბიშვილს.
პრემიერი: ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად
28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ ყველასთვის მოულოდნელად გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება, რითიც უარი განაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ხმების 43%-ს ვერ აიღებს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქვეყნის დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლური კურსი ეჭვქვეშ დააყენეს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მთავრობა ამ ხელშეკრულებას ცალმხრივად ასრულებდა.
19 აპრილს დოკუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შედეგად გასული ცხრა პარტიიდან ექვსმა. დოკუმენტს არ შეუერთდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
სწორედ ეს ფაქტი მოიშველიეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მათი მოულოდნელი გადაწყვეტილების არგუმენტად. ამასთან, მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მოთხოვნების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია.