რუსეთს აშფოთებს ირანში გამდიდრებული ურანის მარაგების ზრდა

რუსი დიპლომატის თქმით, ამერიკელები ირანზე ტრამპის მიერ დაწყებულ მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას განაგრძობენ.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გამდიდრებული ურანის მარაგების ზრდა ირანში „რუსეთის ენთუზიაზმს არ იწვევს“, განაცხადა ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მიხაილ ულიანოვმა.
„წინააღმდეგობა გაუწიეთ დასავლეთს“: აიათოლამ მსოფლიო მუსლიმებს მიმართა
თუმცა, მისი თქმით, რუსეთის უშიშროებისთვის შექმნილ საფრთხეზე ამ კუთხით საუბარი არაკორექტულია.
„ვფიქრობ, აქ ისეთი კატეგორიებით ოპერირება, როგორებიცაა „საშიშროება“, „საფრთხე“, არც ისე კორექტული იქნებოდა, მაგრამ ეს ჩვენს ენთუზიაზმს ნამდვილად არ იწვევს. ირანი სულ უფრო შორდება მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმით გათვალისწინებულ თავდაპირველ ვალდებულებებს. ამაში ალბათ არის ერთგვარი ირაციონალურობაც კი, ვინაიდან, თუ მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევით დასრულდება, მაშინ თავდაპირველი ბირთვული გარიგებიდან ყველა ეს გადახვევა კვლავ შესაცვლელი იქნება“, — აღნიშნა ულიანოვმა.
მისი თქმით, რაც უფრო შორდება ირანი თავის თავდაპირველ ვალდებულებებს, მათ კვლავ ძველ კალაპოტში დაბრუნებას მით უფრო მეტი დრო დასჭირდება და, შესაბამისად, სანქციების გაუქმების ვადებიც დროში გაიწელება.
ულიანოვის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ირანი კვლავაც განაგრძობს თავისი ბირთვული პროგრამის განვითარებას, საჭიროა მოლაპარაკებები სწრაფად განახლდეს.
ამასთან, როგორც რუსმა დიპლომატმა თქვა, „სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამერიკელები ირანზე ტრამპის მიერ დაწყებულ მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას განაგრძობენ“. ულიანოვს მიაჩნია, რომ ამ დროისათვის ვაშინგტონი და თეირანი სარკისებური მოქმედებების ხაზს მისდევენ.
მანამდე ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ დასავლეთის მხრიდან მათ საქმეებში ჩარევას და დამოუკიდებლად ააგონ საკუთარი პოლიტიკა, რაც ბოლო 150 წლის განმავლობაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ მომხდარა.