თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტმა დაიწიოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში დაახლოებით 800 ათასი პენსიონერია. სპეციალისტები სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მათგან 417 ათასი ბანკის მოვალეა. ეს კი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს.
„2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120 პროცენტს შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ახლა არის დაახლოებით 35 პროცენტი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის, რომ პენსიონერებს მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ პარლამენტში დაიწყო, ხოლო შემდეგ ამ საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა.
„მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სახელმწიფო კომისია. მე ეს დაპირება გადავეცი პარლამენტს ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში, ბუნებრივია, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებიც იქნებიან ჩართული“, – განაცხადა პრემიერმა.
პენსიონერთა სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით საქართველოში უკვე წლებია ლაპარაკობენ. ამაზე მიმდინარე წელს პარლამენტშიც არაერთი განცხადება გაკეთდა.
დღეს საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ენიშნებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები 240 ლარის ოდენობით პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 275 ლარს იღებენ. სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის ჯამში 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.
Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკში მუშაობს 4.600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
საქართველოში 2020 წლის ბოლოსთვის რეგისტრირებულია 783.700 პენსიონერი, რომელთაგან 71% ქალია, 29% მამაკაცი.