ნანა ჩარკვიანი, რომელიც ცნობილი მშობლების შვილია, თავს სრულიად ინდივიდუალურ ადამიანად მიიჩნევს და არ სურს საკუთარი მშობლების ჩრდილქვეშ ცხოვრება. უნდა, რომ მას, როგორც უბრალოდ ნანა ჩარკვიანს იცნობდნენ და არა ქეთათოს და ირაკლი ჩარკვიანის შვილს. გოგონა აბიტურიენტია. ამ ეტაპზე დიდი გეგმები არ აქვს, იცის მხოლოდ ის, რომ პროფესიად ჰუმანიტარულ მიმართულებას აირჩევს.
„ყოველთვის იყო მომენტი, რომ მინდოდა თუ არა, განსხვავებულობა მიწევდა. მახსოვს, ლონდონში რომ ვსწავლობდი, მძღოლი ჩემ გარდა არავის ჰყავდა. როცა ბავშვები მეკითხებოდნენ, ბაბუაშენი რას საქმიანობსო, აფიშირებას არ ვუკეთებდი იმას, რომ იგი ელჩი იყო. მერე მივხვდი, რომ დასამალი არაფერია და, პირიქით, ეს საამაყოა“, – ამბობს ნანა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი თქმით, ირაკლი როცა გარდაიცვალა, ორწლინახევრის იყო, ამიტომ მამის გაცნობა მხოლოდ ირაკლის შემოქმედებიდან შეძლო. „მისგან მეც ის დამრჩა, რაც ყველას დაუტოვა – თავისი მუსიკა, პოეზია, მწერლობა, და ამის დახმარებით მე შევძელი ირაკლი გამეცნო სიღრმისეულად, ბევრი გამეგო მასზე. მუსიკოსებსა და შემოქმედებაში ყველაზე მეტად სწორედ ეს მიყვარს – რეალურად ტოვებ ისეთ რაღაცას, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შენი გაცნობა. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ირაკლის წიგნი წავიკითხე და ის ჩემებურად გავიცანი. ირაკლი ჩემთვის ყველაზე ახლობელი მუსიკოსი, მწერალი, პოეტია... და სულ იქნება! მის ვიდეოებს ვუყურებ და ესეც ბედნიერებას მანიჭებს“, – ამბობს ნანა ჩარკვიანი.
ნანას მშობლებს საზოგადოება კარგად იცნობს. ქეთათო 17 წლის იყო, როდესაც ბედი თავის საყვარელ მუსიკოსს დაუკავშირა. საკმაოდ არაორდინარული წყვილი იყო. ხშირად წერდნენ დუეტებს, გამოდიოდნენ კლუბებში კონცერტებზე, რომელთა ჩანაწერებიც დღემდეა შემონახული. შემდეგ შეეძინათ გოგონა – ნანა. ამბობენ, რომ ამ ასაკში შვილის დაბადებამ ჩარკვიანი უდიდესი პასუხისმგებლობით აავსო. მალე შვილს სიმღერაც მიუძღვნა. ირაკლის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს მიმართ ყურადღება გაორმაგდა. ინტერვიუებში ჟურნალისტები უკვე თამამად ეკითხებოდნენ, იფიქრებდა თუ არა მეორედ დაოჯახებაზე, რაზეც მუსიკოსი პასუხობდა, რომ არაფერს გამორიცხავდა. ქეთათომ მუსიკის წერა გააგრძელა, ხშირად ჩნდება სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებში და არც აქტიურობა დაუკლია.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქეთათო პოპიაშვილი „ინსტაგრამზე“ პერიოდულად აქვეყნებს ფოტოებს, საიდანაც ჩანს, რომ ის შეყვარებულია. მას სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო უდევს, სადაც მისი საყვარელი მამაკაცია გამოსახული, ერთგან ისინი ერთმანეთს კოცნიან და გრძნობების დემონსტრირებას არ ერიდებიან.
როგორც ჩანს, რჩეული ქეთათომ ქალიშვილს, ნანასაც გააცნო, რადგან ერთი ფოტო სწორედ ნანასთან ერთად არის გადაღებული. სამწუხაროდ, ქეთათოს თავისი შეყვარებული მონიშნული არ ჰყავს არც ერთ ფოტოზე, ასე რომ, მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.