თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა Pfizer-მა და Moderna-მ თავიანთი წარმოების ანტიკორონავირუსული ვაქცინები გააძვირეს, იუწყება Forbes-ი.
გავრცელებული ცნობით, Pfizer-ის ვაქცინა ევროპულ ბაზარზე 19,50 ევრო ეღირება 15,50 ევროს ნაცვლად, რაც 25%-იან მატებას უდრის, ხოლო Moderna-ს პრეპარატის ფასი 19 ევროს ნაცვლად დაახლოებით 21,50 ევრო იქნება, რაც დაახლოებით 13%-იანი მატებაა.
როგორც გამოცემა წერს, Moderna-ს შემთხვევაში ეს ჯერ ისევ იმაზე დაბალი ფასია, ვიდრე თავდაპირველად იყო შეთანხმებული. მანამდე კომპანია საკუთარი ვაქცინის ერთ დოზას 28,5 დოლარად აფასებდა, ამჟამინდელი ღირებულება კი 25,5 დოლარს აღწევს.
ფასის მატება, სავარაუდოდ, ვაქცინაზე დაკვეთების ზრდამ გამოიწვია, ვინაიდან ევროპული საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად ეკიდება კომპანია AstraZeneca-ს და Johnson&Johnson-ის ანტოკორონავირუსულ ვაქცინებს იმ ფონზე, რაც აღნიშნული პრეპარატებით აცრის შემდეგ თრომბოზების განვითარების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა.