წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია: „საერთაშორისო სახლი“ შანაი ბრუკის დაღუპვის ფაქტზე

შსს-ს ცნობით, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები  დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. თბილისში 31 წლის ავსტრალიელი ქალის შანაი ბრუკის გარდაცვალებას ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი „საერთაშორისო სახლი“ (International House Tbilisi), სადაც ქალი მასწავლებლად მუშაობდა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
„ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ ჩვენი მასწავლებელის, შანაე ბრუქს ედვარდსის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია. დავკარგეთ გულისხმიერი ახალგაზრდა ადამიანი და კარგი მასწავლებელი. ვუსამძიმრებთ ყველას –ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს",- აღნიშნულია განცხადებაში. 
ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა
თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გუშინ იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მისი ცხედარი  მთაწმინდის ფერდობზე „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. იგი ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.
ავსტრალიის მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) შეიცვალა.