COVID-19-ზე ვაქცინაცია წლების განმავლობაში იქნება საჭირო: ბრიტანელი მეცნიერების ანგარიში

დიდი ბრიტანეთის წამყვან მეცნიერთა თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები კორონავირუსისგან დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა ეს დაცვა დროთა განმავლობაში შესუსტდება და მოსახლეობას თავიდან აცრა დასჭირდება
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსზე ვაქცინაციის კამპანია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, მიაჩნიათ დიდი ბრიტანეთის წამყვან ეპიდემიოლოგებსა და ვირუსოლოგებს, რის შესახებაც ბრიტანეთის მთავრობის საგანგებო სიტუაციათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (SAGE) ანგარიშშია ნათქვამი.
დადასტურდა მეცნიერულად: COVID-19 ადამიანებს ინტელექტს უქვეითებს
სპეციალისტების დასკვნით, დაცვა, რომელსაც თანამედროვე ვაქცინები უზრუნველყოფს, დროთა განმავლობაში შესუსტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას რევაქცინაცია დასჭირდება.
„სრულიად სავარაუდოა, რომ SARS-CoV-2-ის მიმართ ვაქცინით წარმოქმნილი იმუნიტეტი და დაავადების პოტენციურად რთული ფორმისგან დაცვა დროთა განმავლობაში დასუსტდეს. ამიტომ არც ის გამოირიცხება, რომ ვაქცინაციის კამპანია მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდეს“, — წერენ მეცნიერები დოკუმენტში.
თუმცა მოხსენების ავტორები იქვე აზუსტებენ, რომ განმეორებითი აცრების სიხშირის განსაზღვრა ამ მომენტისთვის რთულია.
მეცნიერების ვარაუდით, ვაქცინა, დიდი ალბათობით, გარკვეული დროის შემდეგ ნაკლებ ეფექტური გახდება ინფიცირების მიმართ, ამიტომ მსუბუქი ფორმით დაავადება არ გამოირიცხება. რაც შეეხება კორონავირუსული დაავადების მძიმე ფორმას,  ვაქცინა კვლავაც ეფექტურად დაიცავს მისგან ადამიანებს.
მანამდე სწავლულებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირება უფრო დაბალი ვირუსული დატვირთვით ხასიათდება, ვიდრე პირველი ინფიცირება. შესაბამისად, განმეორებით დაავადება ბევრად სუსტი სიმპტომებით გამოვლინდება.
მეცნიერების აზრით, ეს შეიძლება COVID-19-ის მომავალში შედარებით მსუბუქ რესპირატორულ დაავადებად გადაქცევაზე მეტყველებდეს.