რას წერდა გარდაცვალებამდე ავსტრალიელი ქალი - განცხადება სოციალური ქსელიდან

აი რას წერდა ავსტრალიელი შანიე ბრუკი სოციალურ ქსელში, რომელიც თბილისში რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა და ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს, საქართველოს ბევრ მხარეშია ნამყოფი. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი ფოტოებიდან ირკვევა, შანაე ბრუკი ისეთ ადგილებშია ნამყოფი, როგორცაა მარტვილის კანიონი, სამშვილდე, მტირალას ეროვნული პარკი, წყალტუბო და სხვა.
მისი ფოტოებიდან ჩანს, რომ შანაეს საქართველო ძალიან მოსწონდა. ქუთაისში ერთ-ერთ წარწერაზე მსგავსი კომენტარიც აქვს გაკეთებული – „ყველაზე ლამაზი ხელნაწერი მსოფლიოში“. როგორც ჩანს, შანაე ბრუკის ერთ-ერთი შვებულებაც საქართველოში აქვს გატარებული.
„ლაშქრობა, ჩანჩქერები, პლაჟები, მოტოციკლები, მიტოვებული სანატორიუმები, ექსპრომტი თავგადასავლები, ბევრი სასაცილო და გასართობი ისტორია… აი როგორ უნდა გაატაროთ თქვენი შვებულება, მადლობა მარკ და ლინა იმისთვის, რომ კარგი დრო კიდევ უფრო გრანდიოზული გახადეთ“,- წერდა იგი სოციალურ ქსელში.
ავსტრალიელი შანაე ბრუკი რამდენიმესაათიანი გაუჩინარების შემდეგ მთაწმინდაზე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ვერსიით, გოგონა მოკლეს. მისი ცხედარი „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ ხეობაში იპოვეს. ის ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც პარასკევს საღამოს შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ტურისტ გოგონას მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ქალს პარასკევიდან ეძებდნენ, სამძებრო სამუშაოებში დრონი და კინოლოგები ჩართეს. გოგონა, სავარაუდოდ, თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციის, ახალგაზრდა ქალი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში შანაი ბრუკის ოჯახის წევრები მოემგზავრებიან. ისინი, თბილისში სავარაუდოდ, გვიან ღამით ჩამოვლენ.
შსს-ში გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სავარაუდოდ, მუხლი გადავკვალიფიცირდება.