თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 162.630 დოზა შემოვიდა, ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში ასევე აღნიშნეს, დღეს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა, სადაც Pfizer-ით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს, ხოლო აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა – 24 ივლისს. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს. Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა ხელმისაწვდომი იყო 18 წლის ასაკიდან.
Pfizer-ით ვაქცინაცია ორ ეტაპად ხორციელდება. პაციენტმა ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შემდეგ უნდა გაიკეთოს.
ვაქცინის დღევანდელი პარტიის შემოტანის შესახებ გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხდადა. აღნიშნული პარტია ვაქცინის მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემოვიდა.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამავე ვაქცინებზე ხელმისაწვდომია რეგისტრაცია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 481.591 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 157.754 ადამიანი.