თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად 42 დასახლებული პუნქტი დაზარალდა, 27 რაიონში კი ევაკუაცია განხორციელდა, თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო РИА Новости.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ექვს პროვინციაში ხანძრის 20 კერა ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად მთლიანობაში დაზიანდა 2.300 შენობა.
„სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია სამი თვითმფრინავი, 38 ვერტმფრენი, 680 სახანძრო მანქანა, 55 ერთეული ტექნიკა, 4 ათასი მეხანძრე. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრებათ", – განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ.
მისი თქმით, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებული იქნება ცეცხლის კერებთან ბრძოლა პარასკევს. შაბათს ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემა დაიწყება, დასძინა მან.
ხანძარს ვერ გადაურჩა ისეთი პოპულარული კურორტები, როგორიცაა ბოდრუმი და მარმარისი, სადაც რამდენიმე სასტუმროდან დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა.