წმიდა დიდმოწამე მარინე
წმიდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი.
ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა ჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბლად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს ისიც, რომ ქრისტიანი იყო, ემზადებოდა ნათლობისათვის და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.
მეორე დღეს წმიდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ.წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს.
ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში იმყოფებოდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის პატიოსანი მკლავი; მეორე მკლავი კი საქართველოში ინახება.
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარე გალისიელისა
ღირსი ლაზარე გალისიელი (+1053) ეფესოს მახლობლად, გალისიის უდაბურ მთაზე მოღვაწე მესვეტე ბერი იყო. ძველი სტილით 17 ივლისს აღინიშნება ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით