რატომ აწყობენ საავადმყოფოების ეზოებში კარვებს: თამარ გაბუნიას განმარტება

ე.წ. დაყოვნების კარვები ისე მოეწყობა, რომ მოქალაქეებისთვის იქ გაჩერება კომფორტული იყოს, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ვ. ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავამყოფოს ეზოებში კარვებს აწყობენ – ეს იქნება მოსაცდელი სივრცე მათთვის, ვინც ვაქცინაზიაზე რეგისტრაციის გარეშე მივა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 
პედაგოგები და სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე სხვა პირები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან
„თუ იქნება უამინდობა, მაგალითად, წვიმა და მოქალაქები, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე მივლენ, კარვებში დაყოვნების საშუალება ექნებათ. ეს არის გადაწყვეტა ვაქცინაციის მსურველთა იმ მოსალოდნელი ნაკადებისთვის, რასაც ჩვენ ველოდებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოს იმუნიზაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყველა კლინიკაში, სადაც ვაქცინაციის პროცესი ხორციელდება, უნდა იყოს კაბინეტი, სადაც მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება რეგისტრაციის გარეშე მივიდეს და ნებისმიერი პრეპარატით გაიკეთოს აცრა.
როგორც გაბუნიამ განმარტა, უნივერსიტეტის სივრცეში ვაქცინაციის დიდი ცენტრის მოწყობა შესაძლებელს გახდის, პედაგოგებისთვის ცალკე კუთხე გამოიყოს, რათა მათ წინასწარი რეგისტრაციისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეძლონ ვაქცინის გაკეთება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ვაქცინირებულია 464.875 ადამიანი, მათგან სრული ორი დოზით – 153.128 პირი.