თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალმხრივად ასრულებდა, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ორი დღის წინ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლურ კურსში ეჭვი შეიტანეს.
პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და აღნიშნულ პროცესში ჩართულ პირებს. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ამ დროის განმავლობაში ვალდებულებებს ცალმხრივად ასრულებდა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც იყო ცალმხრივად გაფორმებული. მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ. მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდაპოლიტიკური ვითარების დამშვიდებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს.
„მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, აშშ-ს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო მონაწილეობით იყო შედგენილი. სპეციალურად ამისთვის მას არაერთხელ მოუწია თბილისში ჩამოსვლა.
შედეგად მიმდინარე წლის 19 აპრილს დოკუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შედეგად გასული ცხრა პარტიიდან ექვსმა. დოკუმენტს არ შეუერთდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
საქართველო ახლა მორიგი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. მის კიდევ ერთხელ განმუხტვას შეეცდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი – ის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის ემზადება.