თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანები, სურვილის შემთხვევაში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
გაბუნიას განმარტებით, ამ დრომდე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან, რათა სექტორის შიგნით აქტიური საინფორმაციო კამპანია წარიმართოს.
„უზრუნველყოფილი უნდა იყოს საგანმანათლებლო სექტორის პერსონალის მოწვევა. ვაქცინაციაში ძალიან ბევრი ჩაერთო და იცრება. საუნივერსიტეტო სივრცეში ვაქცინაციის დიდი ცენტრის მოწყობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოიყოს ცალკე კუთხე პედაგოგებისთვის და მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ ვაქცინაცია, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე“, – აღნიშნა გაბუნიამ.
როგორც მანამდე გაბუნიამ განაცხადა, სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით აგვისტოში პედაგოგების ვაქცინაციაზე აქტიურად იმუშავებენ.
ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.712-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 416.338-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 464.875 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 153.128 ადამიანი.