თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი დააკმაყოფილებს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარს ამბობენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მანდატზე უარის თქმა ამ დროისათვის გადაწყვიტეს ნიკა მელიამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და ზურაბ ჯაფარიძემ – „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ხოლო რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ ბოიკოტი გამოაცხადა.
„თუ განცხადებები შემოვა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს წინადადებები დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კობახიძემ.
უფრო ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე ორჯერ სცადეს მანდატებზე უარის თქმა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით ამ საკითხზე კენჭისყრა ორივეჯერ ჩავარდა.
ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, რომ მას პარლამენტის მოქმედება არაკონსტიტუციურად ეცნო, რომელიც მას დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნაზე უარს ეუბნებოდა.