მეცნიერებმა დაადგინეს მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც კოღოებს აფრთხობს

მეცნიერული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ სანამ აღნიშნული მუსიკა ჟღერდა, რომელსაც აქვე გთავაზობთ, კოღოები გაცილებით ნაკლებად ეტანებოდნენ ადამიანებს დასაკბენად
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ელექტრონული მუსიკა გავლენას ახდენს კოღოების აქტიურობაზე საკვების მოპოვებასა თუ ადამიანის დაკბენის კუთხით, ნათქვამია მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის კვლევაში, რომელიც ScienceDirect-ზეა გამოქვეყნებული.
ტკიპის, კოღოს, მოსკიტის ნაკბენი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე
მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც კოღოებსა და მათ მიერ გადატანილ-გავრცელებულ დაავადებებს შეისწავლიდა, უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა Aedes aegypti-ზე — კოღოს იმ სახეობაზე, რომელსაც ყვითელი ცხელების, დენგეს, ზიკას ვირუსები და ასევე სხვა ბევრი ტროპიკული ინფექციური დაავადება გადაქვს. ამ კოღოების ამოცნობა სხეულზე არსებული თეთრი ნიშნებით შეიძლება.
ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მეცნიერებმა კოღოებს ჯგუფ Skrillex-ის კომპოზიცია Scary Monsters And Nice Sprites-ი „ჩაურთეს“. აღნიშნული კომპოზიცია ძალიან მაღალი და ასევე ძალიან დაბალი სიხშირის ბგერების მკაფიო შერწყმის გამო შეირჩა.
აღმოჩნდა, რომ სანამ მუსიკა ჟღერდა, კოღოები გაცილებით ნაკლებად კბენდნენ ადამიანებს და ასევე ნაკლებად უჩნდებოდათ შეჯვარების სურვილი.
საქმე ისაა, რომ მწერებში დაბალი სიხშირის რხევები ხელს უწყობს შეჯვარების პროცესს, ხოლო მაღალი სიხშირის ბგერები პირიქით, ხელს უშლის როგორც მისი სახეობის წარმომადგენლებისგან, ისე ცხოველებისა და ადამიანებისგან სიგნალების მიღებას.
„დადგინდა, რომ ასეთი ტიპის მუსიკა აყოვნებს ადამიანზე თავდასხმას და ამცირებს შეჯვარების სიხშირეს. ეს ყველაფერი აჩენს ახალ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ შემუშავდეს Aedes aegypti-სგან  ინდივიდუალური თავდაცვისა და ასევე იმ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მუსიკალური საშუალებები, რომლებსაც კოღოები ავრცელებენ“, — ნათქვამია კვლევაში.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ კოღოები მკაფიოდ რეაგირებენ მაღალი დიაპაზონის ბგერით სიხშირეებზე, მუსიკის ქცევითი ზეგავლენა მწერებზე ჯერჯერობით მაინც შეუსწავლელია და დამატებით კვლევებს მოითხოვს.