თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. სპეციალისტები ამ კვირას ვაქცინაციისა და ინფიცირების თვალსაზრისით გადამწყვეტს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო.
მათი თქმით, პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა.
„ეს კვირა არის გადამწყვეტი როგორც ვაქცინაციის, ისე ინფიცირებულთა რაოდენობის შეფასების და მომდევნო დღეების პროგნოზის თვალსაზრისით. ასე რომ, უფრო მეტი იმუნიზირებული, უფრო მეტი სიფრთხილე, უფრო მეტი ადამიანისთვის ნიღბის ტარების ვალდებულება, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში და, რაც ყველაზე მთავარია, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ წვეულებები, ქორწილი, ქელეხი, იმიტომ რომ 2-3 „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებულის ყოფნა დახურულ სივრცეში რამდენიმე საათით სავსებით საკმარისია, რომ ათეულობით ადამიანი დაინფიცირდეს“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ექსპერტები ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას პროგნოზირებენ. ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის თქმით, ინიფიცირებულების რიცხვის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება – ქვეყანა ჯერ კიდევ არ მისულა მეოთხე ტალღის პიკამდე.
„ჯერ კიდევ არ ვართ მეოთხე ტალღის პიკზე და მატების ტენდენცია კვლავ შენარჩუნდება. პიკს როდის მივაღწევთ, ძნელი სათქმელია, დაახლოებით რამდენიმე კვირა დასჭირდება. თუ შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვანი და სწრაფი ზრდა დაიწყო, უკვე ძალიან გართულდება მდგომარეობა, ამას შეიძლება მოჰყვეს სიკვდილობის მატება. ამ შემთხვევაში ქვეყანა დადგება გარდაუვალი საჭიროების წინაშე, რომ შემოიღოს კვლავ შეზღუდვები“, – განაცხადა ჩოკოშვილმა.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 416.338 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 381.246 პირი, გარდაიცვალა 5.793 ადამიანი.
ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.