დიდი ბრიტანეთის საელჩო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

საქართველოს ინტერესებშია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად იმუშაოს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევისთვის, ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელება. 
შარლ მიშელი რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს იწყებს
„გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დიპლომატიური წარმომადგენლობა აცხადებს, რომ სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს Tbilisi Pride-ის დროს ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს მიერ არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე“.
გაერთიანებული სამეფო მზადყოფნას გამოხატავს დაეხმაროს საქართველოს „ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, რომელიც ასე აუცილებელია სტაბილურობისა და საგარეო საფრთხეებისადმი მდგრადობის ამაღლების უზრუნველყოფისთვის“.
28 ივლისს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ყველასთვის მოულოდნელად გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება და ამით უარი განაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ აიღებს.