თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მძიმე წონაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
თუშიშვილი ნახევარფინალურ ეტაპზე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს ტამერლან ბაშაევს შეხვდა. ქართველი ძიუდოისტისთვის შეხვედრა ცუდად დაიწყო. მოწინააღმდეგემ გურამს პირველივე წუთზე კონტრილეთი შეუსრულა და ვაზარით დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, თუშიშვილმა წონასწორობა მალევე აღადგინა და ბოლო წუთზე სუფთა გდებაც შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ბაშაევმა მეოთხედფინალში ასპარეზობას უძლიერესი ტედი რინერი გამოთიშა.
შედეგად ქართველი მძიმეწონოსანი ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მოწინააღმდეგე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი (თუმცა სხვა წონაში – -100 კგ) ჩეხი ლუკაშ კრპალეკი იქნება.
თუშიშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. აქ ის ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა. ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, თუმცა ქართველმა ტაჯიკი სპორტსმენი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. მეოთხედფინალურ ეტაპზე კი ქართველმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას მოუგო, რომელმაც სამი გაფრთხილება მიიღო.
ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამჟამად ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.