თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ერთ დღე-ღამეში აიცრა 17.133 ადამიანი.
ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყვეს. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ასე ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.
„გუშინ საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12-საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, – აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.
ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.
„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.
29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.