სპიკერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ტურისტული კომპანიის Check-in Travel მფლობელი ია გედევანიშვილი და სომხეთის ტურიზმის ფედერაციის საბჭოს წევრი, ტურისტული კომპანია Armenia Travel-ის დამფუძნებელი მარინა კრპეიანი.
Ия Гедеванишвили - начальник департамента по связям с общественностью Ассоциации туризма Грузии GTA
„შემოდგომის სეზონის იმედი გვაქვს“
მარინა კრპეიანმა საუბარი დაიწყო იმით, რომ წელს მოგზაურობა, ისევე როგორც გეგმების დასახვა, ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელია. დღეისათვის კრპეიანს არ შეუძლია იმის თქმა, რომ სომხეთში ტურისტების რაოდენობა ძველ ნიშნულს უბრუნდება. მისივე თქმით, რჩება შემოდგომის იმედი, რადგან ქვეყანაში ყველაზე მეტი ვიზიტი აგვისტოს ბოლოს და შემოდგომის პირველი ორი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა.
„რა თქმა უნდა, პროგრესი უკვე არსებობს, ჩამოდიან ტურისტები გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ესენი არიან „პირველი მერცხლები", ინდივიდუალისტები, ძალიან მცირე ჯგუფები. ამიტომ, ჩვენი იმედები შემოდგომის სეზონთან დაკავშირებით ჯერ გაურკვეველია, ჯერ არ ვართ დარწმუნებული რომ იქნება ნაკადები, თუნდაც 2019 წლის მოცულობის 30%, როგორც ვარაუდობდნენ”, - განაცხადა კრპეიანმა.
„ორიგინალური სეზონი"
იმაში, რომ ტურისტული სეზონი ძალიან არაპროგნოზირებადია და უკიდურესად განსხვავდება 2019 წლის ტურიზმისგან, დარწმუნებულია ასევე ია გედევანიშვილი. მისივე თქმით, ტურისტები არიან, მაგრამ არა იმ მასშტაბის.
„გაგიკვირდებათ, ჩვენ ბევრი ტურისტი გვყავს - ბელორუსების ბორტი დღეში სამჯერ დაფრინავს, უზბეკების - ორჯერ. ეს არ არის ის სეგმენტი, რაც გვინდა რომ გვქონდეს პანდემიიდან გამომდინარე. მაგრამ რაც არის, ის არის, ესეც უკვე კარგია. მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ შემდგომში სეზონი ვეღარ გაგვახარებს - სერიოზული გაუქმებებია, სიტუაცია კვლავ არასტაბილური გახდა ”, - განმარტა გედევანიშვილმა.
Ия Гедеванишвили - начальник департамента по связям с общественностью Ассоциации туризма Грузии GTA
მისი აზრით, ჯერჯერობით გამოსავალი არ არსებობს, ვინაიდან საქართველო „არ არის საკმარისად ვაქცინირებული ქვეყანა, ისევე როგორც სომხეთი". ქვეყანა წითელ ზონაში გადავიდა, შესაბამისად ევროპელ ტურისტებს შიში გაუჩნდათ, ამიტომ დაიწყო ჯავშნების გაუქმება.
„მათ არ ურჩევენ საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა ეს არ არის მაჩვენებელი უკრაინელების, ბელორუსებისა ან უზბეკებისთვის, ისინი არ აუქმებენ რეისებს, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა გედევანიშვილმა.
ანაკლია ჯერ კიდევ არ არის მზად ტურისტების მისაღებად?
სომეხ ტურისტებს უკვე სმენიათ საქართველოში კიდევ ერთი საკურორტო ზონის - ანაკლიის შესახებ. მაგრამ გედევანიშვილს მიაჩნია, რომ ეს კურორტი ჯერ არ არის მზად ტურისტების მისაღებად.
„იქ მხოლოდ სამი მეტნაკლებად ნორმალური სასტუმროა, დანარჩენი ან ჰოსტელებია, ან უბრალოდ ქირავდება ოთახები. ვინაიდან ინფრასტრუქტურა განუვითარებელია, იქ კვების საკითხიც არ არის სათანადოდ მოგვარებული, მთელ ამ სივრცეში არსებობს პატარა მაღაზიები, ორი-სამი რესტორანი. ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ კურორტი არის მზად ამ კუთხით სამუშაოდ. ბუნების თვალსაზრისით კი ეს ძალიან კარგი ადგილია“, - აღნიშნა გედევანიშვილმა.
დასასრულს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავის სომეხ კოლეგას ურჩია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შიდა ტურიზმს, რაც ახლა ძალიან აქტუალურია. მიზეზი ის არის, რომ ადამიანები, რომლებმაც არ იციან სად გაემგზავრონ, რომლებსაც არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ შიდა ტურიზმს, რამაც კარგი გავლენა იქონია გედევანიშვილის კომპანიის მუშაობაზე.