თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში დამარცხდა.
ლიპარტელიანი, რომელიც -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ნახევარფინალურ ეტაპზე იაპონელ აარონ ვოლფს შეხვდა. შეხვედრის მესამე წუთზე იაპონელმა ვარლამს გდება შეუსრულა, რომელიც ვაზარით შეფასდა. ბოლო წუთზე ვარლამის აქტიურობამ შედეგი ვერ გამოიღო და ოქროს მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ოლიმპიურ თამაშებზე ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს, სადაც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს 25 წლის ნიაზ ილიასოვს შეხვდება.
ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი მან ეგვიპტელი რამადან დარვიში სამი გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა. მესამე ეტაპზე 32 წლის ქართველი ძიუდოისტი კანადელ შადი ელნაჰასს შეხვდა და შეხვედრის მესამე და ბოლო წუთზე მოპოვებული ორი ვაზარით იმარჯვა.