თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა.
32 წლის ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს ნიაზ ილიასოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ილიასოვმა პირველი ქულა ორთაბრძოლის ბოლოს მოიპოვა და დარჩენილი წამები ვარლამს შეხვედრის გადასარჩენად აღარ ეყო.
ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი მან ეგვიპტელი რამადან დარვიში სამი გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა. მესამე ეტაპზე 32 წლის ქართველი ძიუდოისტი კანადელ შადი ელნაჰასს შეხვდა და შეხვედრის მესამე და ბოლო წუთზე მოპოვებული ორი ვაზარით იმარჯვა. ნახევარფინალურ ეტაპზე კაპიტანი იაპონელ აარონ ვოლფთან ვაზარით დამარცხდა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
საქართველოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სულ სამი მედალი აქვს მოპოვებული. სამივე მედალი ძიუდოისტების ანგარიშზეა. ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედლები აიღეს, ხოლო გუშინ ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ხვალ მძიმე წონაში საქართველოს სახელით გურამ თუშიშვილი იასპარეზებს და ის იქნება ბოლო ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოვა.