რამდენმა ადამიანმა მიიღო უმუშევრობის კომპენსაცია ივლისში

სააგენტოს ცნობით, მათთვის, ვინც იანვარ-თებერვალში დარეგისტრირდნენ, კომპენსაციის გაცემის ვადა გაგრძელდება მანამდე, სანამ სრული 6 თვე არ ამოიწურება.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება ივლისში საქართველოს 22.789-მა მოქალაქემ მიიღო, რომლებმაც სამსახური კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგეს, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს განცხადებაში.
ივლისში გაცემული ფულადი დახმარების საერთო თანხამ დაახლოებით 4,558 მლნ ლარი შეადგინა.
2021 წლის იანვრიდან გაცემული კომპენსაციების მოცულობა:
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიანი კომპენსაციები გაიცემა.
„ლოკდაუნი“ არ იგეგმება - ნათია თურნავამ მიზეზები დაასახელა
ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებულ ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში.
კომპენსაციის გაცემა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.
ეს პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გაცემის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე უმუშევრობის დახმარება 117,8 ათასმა მოქალაქემ მიიღო.