საქართველოს შსს საერთაშორისო სპეცოპერაციაში მონაწილეობდა – ამოღებულია 368 კგ ჰეროინი

საერთაშორისო სპეცოპერაციაში ჩართული იყვნენ საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. რვათვიანი სპეცოპერაცია სამი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით დასრულდა – ამოღებულია 368 კილოგრამი ჰეროინი, ნათქვამია საქართველოს შსს–ს განცხადებაში.
ნარკოტრანზიტთან დაკავშირებულ სპეცოპერაციაში უკრაინაში საქართველოს შსს–ს თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 ივლისს კიევში დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი – თურქეთის მოქალაქეები, რომლებსაც ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.
პოლიციამ თბილისში ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების სქემა გახსნა
დანაშაულებრივი დაჯგუფების მხილების მიზნით სამართალდამცველებმა საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდა, რომ ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომელიც ირანიდან, სომხეთისა და საქართველოს გავლით, უკრაინაში უნდა ყოფილიყო გადაზიდული, საიდანაც მას რეალიზაციის მიზნით ცენტრალურ ევროპაში გაიტანდნენ.
მტკიცებულების სახით პოლიციამ 368 კგ ჰეროინი ამოიღო, რომლის ფასი „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 75 მლნ ლარია.
გამოძიებას უკრაინელი სამართალდამცველები განაგრძობენ. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.