თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. ბათუმში უხვმა ნალექმა ქუჩები და ეზოები დატბორა, ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტიქიამ ყველაზე მეტად ე.წ. ჭაობის დასახლების მოსახლეობა დააზარალა. აღმაშენებლის ქუჩაზე დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სავაჭრო ობიექტები. დაზიანებულია საოჯახო ტექნიკა.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რესპუბლიკურის საავადმყოფოს მიწისქვეშა სართულიც, სადაც სამედიცინო ინვენტარია განთავსებული.
ბათუმის მერიის ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს ,,ბათუმის წყალი“, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებზე ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს.
ამ დროისთვის ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე არხები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის შესაბამისი სამსახურები.
სტიქიის შედეგად, გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზემო სვანეთშიც. გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიმეწყრა მესტია- უშგულის საავტომობილო გზა, წაქცეულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
გავრცელებული ინფორმაციით სტიქიამ 20-მდე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა და ამ დრომდე 500-მდე ოჯახს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება.
უამინდობამ პრობლემები შექმნა იმერეთისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონების სოფლებშიც.