კიევი–ბათუმის თვითმფრინავი იძულებული გახდა თბილისში დაფრენილიყო

მგზავრები თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათი იმყოფებოდნენ. Yan Air–ის თვითმფრინავი ბათუმისკენ გაფრინდა მას შემდეგ, რაც ნისლი გაიფანტა
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ავიაკომპანია Yan Air–ის თვითმფრინავი, რომელიც კიევი–ბათუმის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო იძულებული იყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამჯდარიყო, განუცხადეს Sputnik–საქართველოს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
დაყოვნების მიზეზი მეტეოპირობები – კოკისპირული წვიმა და ნისლი გახდა. მგზავრები თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათი იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ნისლი გაიფანტა და თვითმფრინავი უკვე გაფრინდა ბათუმისკენ.
„ყველა დანარჩენი რეგულარული რეისი განრიგის მიხედვით შესრულდება. ამინდის გამო არანაირი დაყოვნება აღარ იქნება“, – განაცხადეს აეროპორტის პრეს–სამსახურში.
რაც შეეხება ლვოვი–ბათუმის რეისს, ავიარეისის მცირე დაყოვნება ქართულ მხარეს არ უკავშირდება.