ბათუმელ მამაკაცს ბელარუსის მოქალაქის მკვლელობისთვის 17 წლით პატიმრობა შეეფარდა

გამოძიების მონაცემებით, მამაკაცმა ქალს, რომელიც ბელარუსის მოქალაქე იყო, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბათუმის მკვიდრი 43 წლის მამაკაცი ბელარუსის მოქალაქის, ტატიანა სინჩიკის განზრახ მკვლელობაში, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი.
ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია: დაკავებულია ერთი პირი
მოსამართლემ ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეუფარდა.
მკვლელობა მელიქიშვილის ქუჩაზე 2020 წლის 6 ნოემბერს მოხდა. გამოძიების მონაცემებით, მამაკაცმა ქალს, რომელიც ბელარუსის მოქალაქე იყო, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, მკვლელმა ქალს დანით 35 ჭრილობა მიაყენა. ბრალდების ვერსიით, მამაკაცმა ქალი სექსუალურ მომსახურებაზე უარის თქმის გამო მოკლა.