თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის განხორციელებას იწყებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს არის ჩვენ მიერ დაანონსებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომლის ღირებულება ჯამში შეადგენს 50 მილიონ ლარს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მექანიზაციის თანადაფინანსება სოფლის მეურნეობის განვითარების 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში მოხდება, პროგრამაზე განაცხადების მიღება კი უკვე მიმდინარე წლის სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. ტექნიკის ღირებულების ნაწილი გრანტის სახით იქნება, ხოლო დანარჩენი ნაწილი – შეღავათიანი, საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული.
„ჩვენ გვექნება როგორც მცირე მექანიზაციის დაფინანსების საშუალება - 20.000 ლარამდე ტექნიკის, საშუალო თანხის მექანიზაციის - ესაა 20.000 ლარიდან 100.000 ლარამდე ტექნიკა, ასევე მსხვილი ტექნიკის დაფინანსება 100.000 ლარზე მეტის ღირებულების შემთხვევაში. აქ შედის როგორც გამწევი ტექნიკა, ისე იმპლემენტები, ფაქტობრივად ყველა ის საშუალება, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის", – განაცხადა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამით დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი.
თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე განისაზღვარა შემდეგი პირობით: იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20.000 ლარამდე თანხას, თანადაფინანსება შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 35%-ს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 20.000 ლარიდან 100.000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში თანადაფინანსება ასევე შეადგენს ღირებულების 35%-ს, ხოლო თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 100.000 ლარზე მეტს, თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30%-ით.
ამავე პირობებით დაფინანსდება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიისგან" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვა.
პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით. პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვა განხორციელდება წარმოდგენილი განაცხადების რიგითობის შესაბამისად.