ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია - ქართველი ოლიმპიადის მოგებას მეორედ ეცდება

ლაშა შავდათუაშვილმა ნახევარფინალში გამარჯვებით თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი გაინაღდა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში მასპინძელ ონო სოჰეის შეხვდება.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ტოკიოში ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს მეორე ოლიმპიური მედალი მოუტანა.
შავდათუაშვილმა, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალამდე გზა გამოცდილების ხარჯზე, ძალიან მარტივად გაიარა. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში ლაშა თავისუფალი იყო, მან ასპარეზობა 1/16 ფინალიდან დაიწყო, სადაც ფრანგ მოწინააღმდეგეს ვაზარით სძლია. მერვედფინალში გასულმა ქართველმა ძიუდოისტმა ასევე ვაზარით დაამარცხა ჯიბუტელი ადენ-ალექსანდერ ჰუსეინი, რასაც კანადელ არტურ მარგელიდონთან გამარჯვებაც მოჰყვა.
ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ნახევარფინალურ ეტაპზე შავდათუაშვილი სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანის დაუპირისპირდა და თითქმის ცხრა წუთიან დაპირისპირებაში მოიპოვა გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ სრული შეხვედრა ქართველის კარნახით მიდიოდა და სამხრეთკორეელ სპორტსმენს ქულის მოპოვების შანსი თითქმის არ ჰქონია. საბოლოოდ შავდათუაშვილმა გამარჯვება მეტოქის გაფრთხილებების ხარჯზე მოიპოვა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უძლიერესი ძიუდოისტი, იაპონელი ონო სოჰეი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და 2016 წლის რიოს ოლიმპიადის პრიზიორია (ბრინჯაო).
საქართველოს ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის მედალი აქვს, რომელიც გუშინ ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. მედლის აღების შანსი აქვს ეთერ ლიპარტელიანსაც (57), რომელიც ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.