გამარტივდა საქართველოდან მალფუჭებადი პროდუქტების ექსპორტის პროცედურები

ბოლო ორ თვეში ქართველმა მებაჟეებმა 2.064 დეკლარაცია გააფორმეს ხილის ექსპორტზე, აქედან 713 – გურჯაანიდან.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურმა მალფუჭებადი საქონლის შესახებ ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის ახალი სისტემა დანერგა.
ახალი სისტემა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს საპატრულო პოლიციის პატრულ–ინსპექტორებს, ელექტრონულ რეჟიმში გადაამოწმონ და მოიძიონ ინფორმაცია კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების მიერ მალფუჭებადი/პრიორიტეტული ტვირთის (ხილის, ბოსტნეულის და ა.შ.) გადაზიდვის თაობაზე და უზრუნველყონ მათი შეუფერხებელი გადაადგილება.
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი გაიზარდა: სად და რამდენი გაიტანეს
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის შემსუბუქების მიზნით, დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები შეძლებენ ინფორმაციის მიღებას საბაჟო პროცედურების შესახებ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდების მეშვეობით, კერძოდ: დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა/სერტიფიკატის საჭიროების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით.
ფერმერებს ასევე აქვთ შესაძლებლობა კახეთში, რეგიონიდან გაუსვლელად (მათ შორის გურჯაანში) „ერთი ფანჯრის პრინციპით" სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, მიიღონ წარმოშობის სერტიფიკატი ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.
„ბოლო ორი თვის მონაცემებით, მებაჟე-ოფიცრების მიერ ხილის ექსპორტზე სულ გაფორმებულია 2.064 საბაჟო დეკლარაცია, მათ შორის ქალაქ გურჯაანში – 713. ამავე პერიოდში საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემულია 1.136 წარმოშობის სერტიფიკატი (ქართული ხილის ექსპორტზე), საიდანაც 740 გაცემულია გურჯაანში", – იუწყება შემოსავლების სამსახური.
საქართველოდან ექსპორტი იზრდება – ახალი მონაცემები
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა საბაჟო კონტროლის ზონებში სადღეღამისო რეჟიმში მიმდინარეობს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გაფორმება უკავშირდება სინჯის აღებას ანალიზისთვის ან დამატებით დამუშავებას.
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების საფუძველზე.
ქართული წარმოშობის საქონელი, რომელიც ექსპორტზე გადის ევროკავშირში, თურქეთის რესპუბლიკაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, EFTA-ს სახელმწიფოებსა (ისლანდია, ლიხტენშტაინის სამთავრო, ნორვეგიის სამეფო და შვეიცარიის კონფედერაცია) და გაერთიანებულ სამეფოში, იმპორტისას ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით (პრეფერენციით) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენისას.