თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. პოლიციამ თბილისში ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულთა ასაკი 19 დან 40 წლამდეა. მათ შორის ერთი ქალია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ 28 წლის მამაკაცს, სცემეს ის, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, წაართვეს თანხა და სხვა პირადი ნივთები, შემდეგ კი თავისუფლება აღუკვეთეს.
ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა საგნით ახორციელებდნენ დ.კ.-ის წამებას, რის შემდეგაც ბრალდებული დ.ს.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც კვლავ იძალადეს მასზე, ხოლო მოგვიანებით თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიატოვეს.
პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს, ღამით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი იმავე მოქალაქეს სახლიდან გასვლის დროს თავს დაესხა, ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მისი საცხოვრებელი ბინიდან წაიღეს მობილური ტელეფონები, მაჯის საათი და საფულე, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, დაიკითხა როგორც დაზარალებული, ასევე, სხვა პირებიც, დაინიშნა ექსპერტიზები, ჩატარდა ამოცნობები, რა დროსაც დაზარალებულმა დ.კ.-მ მის მიმართ განხორციელებული თავდასხმაში მონაწილე ექვსივე პირი ამოიცნო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" პუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 178-ე მუხლით მიმდინარეობს.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხევაში 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.