თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რა დროსაც ხდება ელექტროენერგიის შეწყვეტა სხვა კომუნალური მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, თუკი არსებობს ამ მომსახურების დამოუკიდებლად შეწყვეტის შესაძლებლობა.
თბილისში წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების გადაუხდელობა ელექტროენერგიის შეწყვეტას იწვევს. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა ანა ფირცხალაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს და ამ ნორმის გაუქმება მოითხოვა. ფირცალაშვილის თქმით, კანონმდებლობის აღნიშნული ნორმა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
სასამართლომ ფირცხალაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუშვებელია ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა სხვა ისეთი მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, რომლის შეწყვეტაც დამოუკიდებლად არის შესაძლებელი ისე, რომ მეზობლები არ დაზარალდნენ.
მაგრამ სასამართლომ ლეგიტიმურად ცნო ელექტროენერგიის შეწყვეტა დასუფთავების და წყალმომარაგების გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ მომსახურების (დასუფთავების ან წყალმომარაგების) შეწყვეტა დამოუკიდებლად არ არის შესაძლებელი.
ამგვარად, თბილისში აბონენტს ელექტროენერგიას დასუფთავების მომსახურების გადაუხდელობის შემთხვევაში გაუთიშავენ. წყალმომარაგების მომსახურების გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტროენერგიას მხოლოდ ძველაშენებულ კორპუსებში მცხოვრებ მობინადრეებს გაუთიშავენ. კერძო სახლებსა და ახალაშენებულ კორპუსებში, სადაც წყალმომარაგების ინდივიდუალური გათიშვის შესაძლებლობა არსებობს, ელექტროენერგიის ნაცვლად წყლის შეწყვეტა მოხდება.