საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო კლინიკებში საწოლების რაოდენობას ზრდიან

მინისტრის მოადგილემ საწოლების დეფიციტი ახსნა იმით, რომ პაციენტების უმრავლესობა დაჟინებით მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას, მაშინ როდესაც მკურნალობა სახლის პირობებშიც შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო კოვიდ-კლინიკებსა და კოვიდ-სასტუმროებში საწოლების რაოდენობას ზრდის, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი აპარატიდან მოხსნეს
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.617-ით გაიზარდა. დადებითობის  დღიური მაჩვენებელი 6,03%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის – 5,55%-ს, ბოლო 7 დღის – 6,15%-ს.
„დაემატა ადგილები როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პედიატრიული ადგილებიც, კიდევ დაემატება და ასევე ემატება კოვიდსასტუმროების ადგილებიც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში ადგილების რაოდენობა 6 ათასს აღემატება, ხოლო კოვიდსასტუმროებში ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 1 ათასი საწოლი დაემატა.
მინისტრის მოადგილემ საწოლების დეფიციტი ახსნა არამხოლოდ ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებლის მკვეთრი მატებით, არამედ იმით, რომ პაციენტების უმრავლესობა დაჟინებით მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას, მაშინ როდესაც მკურნალობა სახლის პირობებშიც შეუძლიათ.
პანდემიის დაწყებიდან საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 400.698-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 371.434-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.665-ს მიაღწია.