თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში შრომის ინსპექტორებთან ერთად შრომის უსაფრთხოების დესპანები ჩაერთვნენ, ნათქვამია შრომის ინსპექციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, პირველ ეტაპზე მოხალისეები მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ ობიექტებზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. დასაქმებულები მოქმედი რეგულაციების დაცვაზე გამოკითხეს და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდეს.
შრომის უსაფრთხოების დესპანები სამუშაო ადგილებზე სექტორისთვის შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებას უწევენ ზედამხედველობას. ამ მიმართულებით პროექტისთვის შერჩეული სტუდენტები უშუალოდ შრომის ინსპექტორებმა გადაამზადეს. პროექტისთვის მონაწილეები საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შეირჩნენ.
შრომის უსაფრთხოების დესპანის პროგრამა შრომის ინსპექციის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. იგი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება.
საქართველოში პრაქტიკულად ყველა კოვიდ-შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა, ე.წ. კომენდანტის საათი, 1 ივლისიდან გაუქმდა.
რესტორნებმა მუშაობა 15 თებერვლიდან ეტაპობრივად განაახლეს.
კვების ობიექტებს 1 ივლისიდან ღამის 12 საათამდე მუშაობის უფლება მიენიჭათ.