იუნესკომ თურქეთს მოუწოდა აია-სოფიას მეჩეთის დაცვის შესახებ ანგარიში წარადგინოს

უწყებამ ასევე გამოთქვა „ღრმა შეშფოთება“ შარშან წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გარდაქმნისა და ამ გარდაქმნის შედეგების გამო.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა თურქეთს მოუწოდა, მომავალი წლისთვის სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინოს, იუწყება РИА Новости Agence France-Presse-ზე დაყრდნობით.
ახალი ანგარიში თურქეთმა 2022 წლის 1 თებერვლისთვის უნდა წარადგინოს.
მსოფლიო დღეს
ფრესკები ფარდებით დაიფარება: აია-სოფიას მუსლიმური ღვთისმსახურებისთვის ამზადებენ
აღსანიშნავია, რომ უწყებამ კვლავ გამოთქვა „ღრმა შეშფოთება“ შარშან წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გარდაქმნისა და ამ გარდაქმნის შედეგების გამო.
წმიდა სოფიას ტაძარი ქრისტიანმა იმპერატორმა იუსტინიანემ დააარსა. ის 537 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. აია-სოფია დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში რჩებოდა ყველაზე დიდ ქრისტიანულ ტაძრად მსოფლიოში. ოსმანთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, 1453 წელს ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს კი, თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის დეკრეტის თანახმად, ტაძარს მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. აია-სოფია შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.
2020 წლის 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი ენიჭებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა მალევე მოაწერა ხელი ტაძრის მეჩეთად გადაკეთების ბრძანებულებას.