საბურთალოზე 6 ათასზე მეტი აბონენტი გაზის გარეშე დარჩება

იმ ქუჩების სრული სია, სადაც გაზის მიწოდება შეწყდება, Tbilisi Energy-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საბურთალოს რაიონში 6 ათასზე მეტ აბონენტს 25 და 26 ივლისს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.
მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის გათიშვის მიზეზი ნუცუბიძის ფერდობზე არსებულ გაზის ქსელზე ახალი აბონენტების დაერთების სამუშაოების მიმდინარეობაა.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების დროს 25 ივლისის 10:00 საათიდან 26 ივლისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ საბურთალოს რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებსა და კომერციული აბონენტების ნაწილს.
კერძოდ, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს, ნუცუბიძის II, III და IV მიკრორაიონების მოსახლეობას. გაზის მიწოდება შეუწყდებათ ასევე მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, აფთიაქებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს.
გაზის მიწოდების აღდგენა 26 ივლისს 10:00 საათიდან დაიწყება და სრულად 22:00 საათისთვის აღდგება.
„თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.